მეზღვაურის CV-ის შემოწმება გაგზავნამდე
რას ამოწმებს საკრუინგო კომპანია მეზღვაურის CV-ში: დოკუმენტების ვადა კონტრაქტის ბოლომდე, CoC პოზიციისთვის, STCW სერტიფიკატები და საზღვაო გამოცდილება.
სტატიები · ბოლოს განახლდა 06.11.2026
1. რას უყურებს სააგენტო
საკრუინგო კომპანია CV-ს დოკუმენტების ორიგინალებს ადარებს: სახელს, ნომრებს, თარიღებსა და ვადებს. პარალელურად ამოწმებს, შეესაბამება თუ არა თქვენი კვალიფიკაცია და სერტიფიკატები იმ პოზიციას, რომელზეც განაცხადს აგზავნით. შეცდომა, რომელსაც მენეჯერი პირველივე წაკითხვისას შეამჩნევს, განაცხადის განხილვას აჭიანურებს.
martiviCV იმავე საკითხებს გაგზავნამდე გადახედავს და საყურადღებოს მოკლე შენიშვნით გაჩვენებთ: მზა CV-ის ეკრანზე, ველის ქვეშ და ატვირთული დოკუმენტის შემოწმებისას. შენიშვნაზე დაჭერით შესაბამისი ველი გაიხსნება. შენიშვნები PDF-ში არ იბეჭდება და ჩამოტვირთვას არ აბრკოლებს: ზოგი მხოლოდ შეხსენებაა, გადაწყვეტილება კი თქვენია.
2. ვადა კონტრაქტის ბოლომდე
სააგენტოს სჭირდება, რომ პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამედიცინო სერტიფიკატი და სერტიფიკატები მთელი კონტრაქტის განმავლობაში მოქმედებდეს და არა მხოლოდ დღეს. კონტრაქტს ჩვეულებრივ 6 თვედ ითვლიან, პასპორტისგანაც ამდენივე თვის მარაგს ითხოვენ.
martiviCV ვადას რეისზე გასვლის თარიღიდან ითვლის, ხოლო თუ ის მითითებული არ არის, დღევანდელი დღიდან. თითოეულ დოკუმენტზე ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა ჩანს:
- „მოქმედების ვადა გასულია“: დოკუმენტი აღარ მოქმედებს. CV ამ დროს განახლებას საჭიროებს.
- „მოქმედების ვადა იწურება რეისზე გასვლამდე“: დოკუმენტი რეისზე გასვლის თარიღამდე იწურება.
- „მოქმედების ვადა მალე იწურება“: 90 დღეზე ნაკლები დარჩა.
- „დოკუმენტს მოქმედების ვადა შესაძლოა კონტრაქტის ბოლომდე არ ეყოს“: ვადა რეისზე გასვლიდან 6 თვეში იწურება.
ვადაგასული თარიღი არ დამალოთ: განაახლეთ დოკუმენტი ან სააგენტოს წინასწარ უთხარით, როდის მიიღებთ ახალს.
3. ვადა, რომელიც დოკუმენტს არ ჰგავს
ზოგი შეცდომა აკრეფისას ან წაკითხვისას ჩნდება, მაგალითად წელში ერთი ციფრი ირევა. ამიტომ martiviCV ვადას ადარებს იმას, რამდენ ხანს მოქმედებს ასეთი დოკუმენტი გაცემიდან, და თუ ვადა უფრო გრძელია, გთხოვთ შეადაროთ დოკუმენტს:
- პასპორტი და მეზღვაურის წიგნაკი: ჩვეულებრივ 10 წელი, ზოგ პასპორტზე რამდენიმე თვით მეტი.
- სამედიცინო სერტიფიკატი: 2 წელი, 18 წლამდე 1 წელი (STCW I/9). ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ტესტი: 1 წელი. ვაქცინაციას ვადა შეიძლება არ ჰქონდეს.
- CoC და ის STCW სერტიფიკატები, რომლებიც ახლდება (Basic Safety Training, Survival Craft, Advanced Fire Fighting, GMDSS, ტანკერისა და სამგზავრო გემის კურსები): 5 წელი (STCW I/11).
თუ ასეთ სერტიფიკატს ვადა არ უწერია ან მითითებულია უვადო (Indefinite), დაინახავთ: „სერტიფიკატი ჩვეულებრივ 5 წელში ერთხელ ახლდება, მოქმედების ვადა შეადარეთ დოკუმენტს“. თუ დოკუმენტზე ნამდვილად ასე წერია, ჩანაწერი დატოვეთ. შენიშვნას მიიღებთ იმ შემთხვევაშიც, თუ გაცემის თარიღი მომავალშია.
4. პასპორტი: ნომერი და ქვედა ზოლი
პასპორტის ქვედა ორ სტრიქონს, მანქანურად წასაკითხ ზოლს (MRZ), საკონტროლო ციფრები აქვს. პასპორტის ატვირთვისას martiviCV ნომერს, დაბადების თარიღსა და ვადას ამ ზოლითაც ამოწმებს. თუ გვერდზე დაბეჭდილი და ზოლში ჩაწერილი ერთმანეთს არ ემთხვევა, დოკუმენტის შემოწმებისას დაინახავთ: „პასპორტის ქვედა ზოლში (MRZ) სხვა წერია“. შეადარეთ პასპორტს და შეასწორეთ ან დაადასტურეთ მნიშვნელობა.
პასპორტის ნომერი 6-დან 9-მდე ლათინური ასოსა და ციფრისგან შედგება (ICAO 9303). სხვა ფორმის ნომერზე martiviCV გკითხავთ: „ნომერი უჩვეულოა, შეადარეთ დოკუმენტს“.
CV ინგლისურია, ამიტომ ქართული ან კირილიცით დაწერილი მნიშვნელობა შენიშვნით მოინიშნება: „ტექსტი ჩაწერეთ ლათინური ასოებით“. სახელის ჩაწერის წესი იხილეთ სტატიაში მეზღვაურის CV: 7 ხშირი შეცდომა.
5. პოზიცია და CoC
სააგენტო ამოწმებს, გაძლევთ თუ არა თქვენი CoC იმ პოზიციაზე მუშაობის უფლებას, რომელზეც განაცხადს აგზავნით. martiviCV თქვენს CoC-ს STCW-ის ცხრილით ადარებს როგორც სასურველ, ისე ამჟამინდელ პოზიციას და შეგახსენებთ, თუ:
- CoC სხვა განყოფილებისაა: მაგალითად, სამანქანე განყოფილების CoC და გემბანის პოზიცია.
- პოზიცია CoC-ზე მაღალია: მაგალითად, Chief Officer-ის პოზიცია Officer in Charge of a Navigational Watch (II/1) CoC-ით. დაწინაურებაზე განაცხადი ჩვეულებრივი ამბავია, შენიშვნა მხოლოდ გახსენებთ, რომ ამ პოზიციისთვის შესაბამისი კვალიფიკაციაა საჭირო.
- ამჟამინდელი პოზიცია CoC-ზე მაღალია: მაგალითად, ამჟამინდელი პოზიცია Chief Officer და მხოლოდ II/1 CoC. სააგენტოსთვის ეს CV-ში წინააღმდეგობაა: თუ გაქვთ უფრო ახალი CoC, დაამატეთ, თუ არა, შეამოწმეთ, რომელი პოზიციაა სწორი.
- STCW კოდი ამ სერტიფიკატისთვის უჩვეულოა: მაგალითად, Chief Engineer-ის CoC კოდით II/1. შეადარეთ კოდი დოკუმენტს.
CoC მხოლოდ იმ პოზიციებს მოეთხოვება, რომლებსაც STCW ასე ადასტურებს, ძირითადად ოფიცრებს. რიგითი მეზღვაურის, კადეტისა და სამზარეულოს ან მომსახურე პერსონალის პოზიციებზე CoC-ის ნაწილი სავალდებულო არ არის. ვინ რომელ განყოფილებას ეკუთვნის: გემბანისა და სამანქანე განყოფილების CV.
6. სერტიფიკატები პოზიციისა და გემის ტიპის მიხედვით
martiviCV სერტიფიკატებს ადარებს სასურველ და ამჟამინდელ პოზიციებსა და გემის ტიპებს, რომლებსაც CV-ში მიუთითებთ. ოფიცრის CoC იმავე განყოფილების რიგითის სერტიფიკატსაც (II/5, III/5) ფარავს. თუ რომელიმე არ ჩანს, შენიშვნა ასახელებს პოზიციას, რომელსაც ის სჭირდება: „CV-ში არ ჩანს სერტიფიკატი, რომელიც სააგენტოს ჩვეულებრივ Chief Officer-ის პოზიციაზე სჭირდება: Medical Care (STCW VI/4-2)“. ყოველი სერტიფიკატი მხოლოდ ერთხელ ჩანს. ამოწმებს მხოლოდ STCW-ის ძირითად მოთხოვნებს:
- ყველა მეზღვაური: Basic Safety Training (VI/1), Security (VI/6).
- ოფიცრები: ასევე Survival Craft and Rescue Boats (VI/2-1), Advanced Fire Fighting (VI/3), Medical First Aid (VI/4). გემბანის ოფიცრებს დამატებით: GMDSS (IV/2), ECDIS.
- Able Seaman: Survival Craft and Rescue Boats (VI/2-1), Able Seafarer Deck (II/5). Oiler და Motorman: Able Seafarer Engine (III/5). მზარეული: Ship's Cook certificate (MLC).
- ნავთობისა და ქიმიური ტანკერები: Oil and chemical tanker training (V/1-1). გაზმზიდები (LNG, LPG): Gas tanker training (V/1-2). სამგზავრო გემები და ბორნები: Crowd Management (V/2).
- კაპიტანს, უფროს თანაშემწეს, უფროს და მეორე მექანიკოსს ტანკერზე ძირითადის ნაცვლად მოწინავე (Advanced) კურსი მოეთხოვება, სამგზავრო გემზე Crisis Management and Human Behaviour, Ro-Ro სამგზავრო გემზე კი Passenger Safety, Cargo Safety and Hull Integrity. კაპიტანსა და უფროს თანაშემწეს Medical First Aid-ის ნაცვლად Medical Care (VI/4-2) სჭირდებათ.
Basic Safety Training ჩაითვლება, თუ მისი ოთხი ნაწილი ცალ-ცალკე სერტიფიკატებად გაქვთ. დამატებით მოთხოვნებს, მაგალითად დროშის სახელმწიფოს endorsement-ს ან კომპანიის კურსებს, სააგენტო ან დამსაქმებელი განსაზღვრავს. სერტიფიკატის ჩაწერის წესი: STCW სერტიფიკატები და CoC CV-ში.
7. საზღვაო გამოცდილება
საზღვაო გამოცდილების ცხრილს სააგენტო მეზღვაურის წიგნაკს ადარებს და სტაჟს თარიღებით ითვლის. martiviCV შეგახსენებთ, თუ:
- კონტრაქტის თარიღები სხვა კონტრაქტს კვეთს. ერთსა და იმავე დღეს ერთი გემიდან ჩამოსვლა და მეორეზე ასვლა ნორმალურია.
- ასვლის თარიღი მომავალშია: დაგეგმილი კონტრაქტი ჯერ საზღვაო გამოცდილება არ არის.
- ჩამოსვლისა და ასვლის თარიღი ერთი და იგივე დღეა ან კონტრაქტი 14 თვეზე მეტია.
- ასვლისას ასაკი 16 წელზე ნაკლები იყო (MLC).
- IMO ნომერი არასწორია: მის ბოლო, საკონტროლო ციფრს martiviCV თავად ითვლის.
- სამანქანე განყოფილების პოზიციაზე კონტრაქტზე ძრავის სიმძლავრე (kW) არ არის მითითებული.
ერთი და იგივე შენიშვნა რამდენიმე კონტრაქტზე ერთ შენიშვნად ჩანს, კონტრაქტების რაოდენობით. საერთო საზღვაო სტაჟს martiviCV თავად ითვლის: ერთმანეთზე გადაფარული კონტრაქტები ერთხელ ითვლება, მომავალი დღეები კი საერთოდ არ ითვლება. ასე ერთი კონტრაქტი, წიგნაკიდან და ძველი CV-დან ორჯერ წაკითხული, სტაჟს არ გააორმაგებს.
8. სამედიცინო სერტიფიკატი
- სამედიცინო სერტიფიკატი (STCW I/9, MLC) ცალკე დოკუმენტია: ვაქცინაცია ან ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ტესტი მას ვერ ჩაანაცვლებს. თუ CV-ში მხოლოდ ისინია, martiviCV შეგახსენებთ.
- თუ ვარგისიანობაში მითითებულია „არ შეესაბამება მოთხოვნებს“, სააგენტო განაცხადს ვერ მიიღებს, ამიტომ martiviCV გთხოვთ, შეადაროთ დოკუმენტს.
- თუ არჩეულია „ვარგისია შეზღუდვებით“, მიუთითეთ, რა შეზღუდვაა, ისე როგორც სერტიფიკატზე წერია.
9. რას არ ამოწმებს martiviCV
martiviCV დოკუმენტების ნამდვილობას არ ამოწმებს და CV-ს არ ადასტურებს: შენიშვნები მხოლოდ გეხმარებათ, შეცდომა სააგენტომდე შეამჩნიოთ. დროშის, კომპანიისა და კონკრეტული კონტრაქტის მოთხოვნებს სააგენტო ან დამსაქმებელი განსაზღვრავს.
როცა შენიშვნა აღარ რჩება, მზა CV-ის ეკრანზე დაინახავთ: „მზადაა გასაგზავნად“. შემდეგი ნაბიჯი: როგორ გავუგზავნოთ CV საკრუინგო კომპანიას.
წყაროები: IMO: STCW კონვენცია, ILO: საზღვაო შრომის კონვენცია (MLC 2006), საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
CV-ის შექმნა